ახალი ამბები

ზურაბ გურულის სადებიუტო წიგნის “სპილო წყვდიადში”  წარდგენა

10 იანვარს, 19:00 საათზე,თიბისის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ამერიკაში მოღვაწე ექიმის,  ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ გურულის სადებიუტო წიგნის “სპილო წყვდიადში”  წარდგენა. 

შეგახსენებთ, ზურაბ გურული ის ექიმია, რომელიც სიშორის მიუხედავად, ყოველთვის თვალს ადევნებს და არც ხმამაღლა საუბარს ერიდება ქართულ სამედიცინო სფეროში არსებულ უამრავ პრობლემაზე, სტკივა ,სწუხს  სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბუნდოვან-ხშირად უპერსპექტივო მომავალზე, რის გამოც უამრავ ნიჭიერ ახლგაზრდას კარგავს ქვეყანა, მათი ნაწილი პროფესიას იცვლის, ნაწილი კი საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდ. მისი განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა რადიო საქართველოს ხმის –  გადაცემა “პაციენტის დროში” ,  რომელიც პროფესიონალი ექიმების დაუფასებლობას ეხებოდა.

 „ ქართველი ექიმებისათვის არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ ერთი მხრივ, მათი ჩაქოლვის მოსურნე გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ, არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან.” (ზ.გ)

„სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ.

რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე ,  ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში, თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში ერთგვარ წინასიტყვაობად გასდევს თავად ზურაბ გურულის მიერ ნათარგმნი  რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც.

რომანის ლაიტმოტივიც  მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა- მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით.
არსებობს  სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

„სპილო წყვდიადში“ თავისებური ამერიკული მელტინგ პოტ-იცაა, რომელმაც ერთგვარად შეიდნო და შეითავსა რომანის ქართველი, გერმანელი, ინდოელი, არგენტინელი, აფრიკელი თუ რუსი გმირები.

ალბათ მკითხველიც სიამოვნებით გაჰყვება ამ უცნაურ თავგადასავალს და  შეეცდება საკუთარი სევდისა თუ იმედის გაქარწყლებასა და ახსნას.

◾️ დასწრება თავისუფალია

პს. რადიო საქართველოს ხმა FM 107.9 და მაია ცომაიას გადაცემა “პაციენტის დრო” წარმატებებს უსურვებს მრავალხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ექიმს, ზურაბ გურულს !

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply