ახალი ამბები

ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი (ფჯკ) ავადობის უწყვეტი ზრდა საქართველოშიც გამოვლინდა

საქართველოში კიბოს ახალ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია. ზოგადად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობის კლების ფონზე, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს როგორც შემთხვევათა რაოდენობა, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელმა 100000 ქალზე (2015 – 33.5, 2016 – 42.8, 2017 – 40.8) მოიმატა. ასევე 10%-დან 15%-მდე გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წილი ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგისტრირებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2017 წელს, 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის 55 ახალი შემთხვევა (2015 წელს – 41, 2016 წელს – 50), რაც 25 წლამდე ასაკის გოგონებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაცის კიბოს ახალი შემთხვევების 50%-ს შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მატება ქალებში ზოგადად ესადაგება მსოფლიო ტენდენციებს, რაც გარკვეულწილად შეიძლება უკავშირდებოდეს დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი (ფჯკ) ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება, თანაც, მატება ძირითადად შეეხება ქალთა პოპულაციას. მსოფლიოში ავადობის ზრდას ადგილი აქვს სიკვდილიანობის არამდგრადი შემცირების ფონზე ორივე სქესისთვის. განარჩევენ ფჯკ–ს ოთხ ჰისტოლოგიურ ჯგუფს: პაპილარული, ფოლიკულური, მედულარული ან ანაპლასტიკური; ფჯკ–ს ავადობის მატებას უმეტესწილად განაპირობებს პაპილარული (არააგრესიული, რომელსაც ახასიათებს ნელი ზრდა) მიკროკაცინომას ჰისტოლოგიური ტიპის გამოვლენის მატება, რომელიც საუკეთსო პროგნოზით გამოირჩევა.

მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიმჩნევა ის ქვეყნები, სადაც ქალთა შორის ავადობა 100000 ქალზე 10–ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 39–ს 100000 ქალზე (2016); გლობალურად ფჯკ–ს თანაფარდობა მამაკაცი/ქალი დაახლოებით 1:3,3–ს შეადგენს, საქართველოში დისბალანსი ბევრად მეტია, დაახლოებით 1:6.

ექსპერტთა მოსაზრებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის გაუმჯობესება არ უნდა ჩაითვალოს ავადობის ზრდის ერთადერთ მიზეზად; ფჯკ–ს ავადობის მატება სავარაუდოდ, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ორ თანაარსებულ პროცესთან: გაზრდილი გამოვლენა და შემთხვევების რეალური ზრდა დღემდე უცნობი თიროიდ–სპეციფიკური გარემოს კარცენოგენების გააქტიურების ხარჯზე (რომელთა იდენტიფიცირება და მათი როლის შეფასება დღემდე ვერ ხერხდება). როდესაც გამოვლენის გაუმჯობესება ავადობის ზრდის ერთადერთი მიზეზია, მაშინ მოსალოდნელია, რომ ავადობის მატება ყველა ასაკობრივ და სქესობრივ კატეგორიებში თანაბრად მოხდება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში ასე არ არის, ვლინდება განსხვავებული მატება სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

რეკომენდაცია: ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში დარგის ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტთა განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply