ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკა

მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სახელმწიფო კენკროვანი კულტურების გასაშენებლად დააფინანსებს

 

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში კენკროვანი კულტურის გაშენების მხარდაჭერა იწყება. სრულად დაფინანსდება ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ბაღების ინტენსიური გაშენება. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ სრულად ანაზღაურდება გასაშენებელი ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება. საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულებაც.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა – შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა – რევაზ ასათიანმა დუშეთის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნეს.

„ამ პროექტის განხორციელება რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობას განავითარონ მეურნეობა და საკუთარი შრომით კიდევ უფრო მეტი შედეგი და სარგებელი მიიღონ. ბუნებრივია, ეს რეგიონის ეკონომიკურ სიძლიერესაც შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

კენკროვანი კულტურების მხარდაჭერის ქვეკომპონენტი რეგიონში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply