ახალი ამბები

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო – ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით

საქართველოს მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სხვადასხვა მედიასაშუალებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 12 სექტემბერს  გამოძიება დაიწყო 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს  საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობისა და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 04 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა  ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთამეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობაარათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.

ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply