მაია ცომაია

კიბოს პოპულაციური რეგისტრი და რეკომენდაციები

2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით, კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგანაც ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს და ის დანერგილია ყველა განვითარებულ და მრავალ განვითარებად ქვეყანაში..

კიბოს რეგისტრის შემოღებამ შეცვალა მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგია – დაინერგა პერსონიფიცირებულ მონაცემთა სისტემა; რეგისტრი სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, მონაცემთა ხარისხი და მოცვა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რაც მომავალი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემების ანალიზს.

1. ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა (in situ სიმსივნეების ჩათვლით) 2015-2017 წლებში 8700-11000-ის ფარგლებში მერყეობს შესაბამისად. 2017 წელს სულ რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს 8731 ახალი შემთხვევა, ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე – 234.8.
2. თითქმის ყველა ლოკალიზაციის კიბოს ინციდენტობა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, ნაკლებია ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით და უახლოვდება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს.
3. ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% აღირიცხა ქალებში, 44-43% – კაცებში.
4. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში – 30 წლიდან 70 წლამდე, ხოლო შემთხვევათა დაახლოებით მეოთხედში – 70 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის შემთხვევათა 1%. რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების წილი 24-27%-ს შეადგენს.
5. ქალებში კიბოს 5 ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი , საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი.
6. ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია. ზოგადად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობის კლების ფონზე, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს როგორც შემთხვევათა რაოდენობა, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელმა 100000 ქალზე (2015 – 33.5, 2016 – 42.8, 2017 – 40.8) მოიმატა. ასევე 10%-დან 15%-მდე გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წილი ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგისტრირებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2017 წელს, 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის 55 ახალი შემთხვევა (2015 წელს – 41, 2016 წელს – 50), რაც 25 წლამდე ასაკის გოგონებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაცის კიბოს ახალი შემთხვევების 50%-ს შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მატება ქალებში ზოგადად ესადაგება მსოფლიო ტენდენციებს, რაც გარკვეულწილად შეიძლება უკავშირდებოდეს დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი (ფჯკ) ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება, თანაც, მატება ძირითადად შეეხება ქალთა პოპულაციას. მსოფლიოში ავადობის ზრდას ადგილი აქვს სიკვდილიანობის არამდგრადი შემცირების ფონზე ორივე სქესისთვის. განარჩევენ ფჯკ–ს ოთხ ჰისტოლოგიურ ჯგუფს: პაპილარული, ფოლიკულური, მედულარული ან ანაპლასტიკური; ფჯკ–ს ავადობის მატებას უმეტესწილად განაპირობებს პაპილარული (არააგრესიული, რომელსაც ახასიათებს ნელი ზრდა) მიკროკაცინომას ჰისტოლოგიური ტიპის გამოვლენის მატება, რომელიც საუკეთსო პროგნოზით გამოირჩევა.

მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიმჩნევა ის ქვეყნები, სადაც ქალთა შორის ავადობა 100000 ქალზე 10–ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 39–ს 100000 ქალზე (2016); გლობალურად ფჯკ–ს თანაფარდობა მამაკაცი/ქალი დაახლოებით 1:3,3–ს შეადგენს, საქართველოში დისბალანსი ბევრად მეტია, დაახლოებით 1:6.

ექსპერტთა მოსაზრებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის გაუმჯობესება არ უნდა ჩაითვალოს ავადობის ზრდის ერთადერთ მიზეზად; ფჯკ–ს ავადობის მატება სავარაუდოდ, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ორ თანაარსებულ პროცესთან: გაზრდილი გამოვლენა და შემთხვევების რეალური ზრდა დღემდე უცნობი თიროიდ–სპეციფიკური გარემოს კარცენოგენების გააქტიურების ხარჯზე (რომელთა იდენტიფიცირება და მათი როლის შეფასება დღემდე ვერ ხერხდება). როდესაც გამოვლენის გაუმჯობესება ავადობის ზრდის ერთადერთი მიზეზია, მაშინ მოსალოდნელია, რომ ავადობის მატება ყველა ასაკობრივ და სქესობრივ კატეგორიებში თანაბრად მოხდება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში ასე არ არის, ვლინდება განსხვავებული მატება სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

რეკომენდაცია: ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში დარგის ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტთა განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს.

7. კაცებში კიბოს 5 ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: ფილტვი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი, კოლორექტუმი, კუჭი (ბოლო 2 წელი).
8. დაავადების I და II სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 40%; III და IV სტადიებზე – 50%, ხოლო დანარჩენ 10%–ში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული სქესისა და ლოკალიზაციის მიხედვით:
ქალებში:
– ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 50%, ხოლო საშვილოსნოს ტანის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 70%-ზე მეტი გამოვლენილია დაავადების I და II სტადიაზე; კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი გამოვლენილია დაავადების III და IV სტადიაზე.
კაცებში:
– I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 10%-მდე, ხოლო 60%-ზე მეტი – დაავადების IV სტადიაზე; კაცებში შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა დაავადების I და II სტადიაზე; წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების 50%-ზე მეტი შემთხვევა დიაგნოსტირდება III და IV სტადიაზე სტადიაზე; კაცებში კოლორექტული კიბოს და კუჭის კიბოს ახალი შემთხვევების 70% -მდე გამოვლენილია დაავადების III და IV სტადიაზე.

რეკომენდაცია: საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა კიბოს სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ, ამასთან, მაღალი ონკოლოგიური სიფხიზლე (ცოდნა ადრეული სიმპტომების შესახებ) იმ ლოკალიზაციის კიბოს შესახებ, რომელთა სკრინინგი არ ტარდება, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული; საჭიროა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ექსპერტების დონეზე განხილვა და ფორმატის შეცვლა, ასევე სკრინინგის განხორციელებაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტი ჩართულობა

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply