ახალი ამბებიმსოფლიო

ერდოღანი: ჰაშაღის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირებმა გასცეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში უშუალოდ საუდის არაბეთის მთავრობა პირველად დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC წერს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჰაშაღის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გასცეს“ – თქვა ერდოღანმა.

მისივე განმარტებით, ამ მკვლელობაში გაცილებით მეტი ადამიანია ჩართული, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ამასთან, თურქეთის პირველი პირის თქმით, მას არ სჯერა, რომ ამ საქმეში საუდის არაბეთის მეფე სალმანიცაა გარეული.

ერდოღანის თქმით, ჟურნალისტის „მკვლელობის შემსრულებელი მარიონეტები უნდა დაისაჯონ“.

„აღარავინ უნდა გაბედოს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ასე მოქცევა. თუ ვინმე ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მძიმე შედეგს მიიღებს“ – თქვა ერდოღანმა.

ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმეზე 18 ეჭვმიტანილია დაკავებული.

საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა.

26 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღის ვაჟი სალაჰ ჯამალ ჰაშაღი საუდის არაბეთიდან, ოჯახთან ერთად, აშშ-ში ჩავიდა. ჟურნალისტის საცოლემ კი ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა.

ჯამალ ჰაშაღი ამერიკულ გამოცემა The Washington Post-თან თანამშრომლობდა და ღიად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის მმართველ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply